მთავარი არხი კვლევით ორგანიზაცია IPSOS-თან თანამშრომლობას წყვეტს - კომპანია ტელევიზიის სახელით ეგზიტპოლს აღარ ჩაატარებს. ამ ინფორმაციას ტელეკომპანია მთავარის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ავრცელებს.
საქმე ეხება გუშინ, 28 ოქტომბერს, ქართულის ოცნების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ზუგდიდის მერობის კანდიდატების რეიტინგის შესახებ კომპანია IPSOS-ის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებული რიცხვები და მთავარი არხის მიერ გავრცელებული მონაცემები ერთმანეთს არ ემთხვეოდა.
გვარამიას თქმით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ადგილი აქვს კორუფციულ გარიგებას, რადგან ტელეკომპანია მთავარმა პარტნიორი კომპანიის პოზიციის თაობაზე ინფორმაცია ქართული ოცნების ბრიფინგიდან გაიგო.
"კომპანია იფსოსის მიერ მოწოდებული ზუგდიდის ნედლი ციფრები დამატებითი შეწონვის, (ჩვენთან ცნობილია, როგორც ალოკაცია) გარეშე არის შემდეგი: ანზორ მელია: 52.3%; მამუკა წოწერია: 43.3%; უარი პასუხზე/არ ვიცი: 4.4%.
ნარჩენი 4.4%ის გადანაწილება იმგვარად რომ 49/51 მივიღოთ ოცნების კანდიდატის სასარგებლოდ, იმედია, მარტივად გასაგებია, რომ აბსურდია. სულ რომ 4.4% მთლიანად წოწერიას დაემატოს (რაც უკვე სტატისტიკური აბსურდია). ჩვენთვის ციფრების მოწოდების შემდეგ, ერთადერთი შეკითხვა გაგვიჩდა ქალაქ ზუგდიდის მონაცემების შესაძლო ხარვეზზე, რაზეც მივიღეთ სატელეფონო განმარტება, რომ სავარაუდოდ ტექნიკური შეცდომაა და გვეხელმძღვანელა იმ მონაცემებით, რომლიც მოგვიანებით გამოვაქვეყნეთ. ასევე, მივიღეთ განმარტება, რომ რაკიღა გამოქვეყნებამდე დრო მცირეა, შეფერხების თავიდან ასაცილებლად, დადასტურებად ჩავთვალოთ სატელეფონო თანხმობა, ხოლო ელექტრონული ფოსტით თანხმობას მივიღებდით პოსტ-ფაქტუმ (აღნიშნულს არაერთხელ ქონი ადგილი ჩვენი პარტნიორობის განმავლობაში).
თუ გავაკეთებთ დაშვებას, რომ მთავარმა არხმა გადაწყვიტა შედეგების გაყალბება, ჩნდება კითხვა: ჩვენი მიკერძოებული მიდგომა გავრცელდა მხოლოდ ქალაქ ზუგდიდზე, სადაც კონსენსუსია ქართულ საზოგადოებაში, რომ ოპოზიციური კანდიდატი ყველაზე დიდი უპირატესობით იგებს? სადაც სულ 2% დააკლდა ოპოზიციის კანდიდატს პირველ ტურში მოსაგებად და ყველაზე დიდი სხვაობა იყო ნაცმოძრაობის კანდიდატსა და ქართული ოცნების კანდიდატს შორის? და, ამის პარალელურად, მინიმალური სხვაობები (ცდომილების ფარგლებში) ხელუხლებელი დავტოვეთ ყველა სხვა ქალაქში და განსაკუთრებით, ყველაზე მნიშვნელოვან ადგილას, თბილისში -3%ით უკან დავტოვეთ ოპოზიციის კანდიდატი?
ასეც რომ ყოფილიყო, იფსოსს არ აქვს უფლება გამოაქვეყნოს რაიმე ინფორმაცია, ჩვენი თანხმობის გარეშე. თუ თვლის, რომ ან შეგვეშალა, ან გავაყალბეთ მონაცემი, წინასწარ უნდა შედგეს კომუნიკაცია ამ საკითხზე დაზუსტების მიზნით, რასაც ადგილი არ ქონია. თუ ეჭვს შეიტანდა ჩვენს კეთილსინდისიერებაში, პარტნიორ კომპანიას შეეძლო მხოლოდ დაუყოვნებლივ გაეწყვიტა კონტრაქტი" - ამბობს გვარამია.
გვარამია მომხდარს დივერსიას უწოდებს და აღნიშნავს, რომ ტელეკომპანია მუშაობს, რათა არჩევნების მეორე ტურზე ეგზიტპოლის ჩატარება შეძლონ. ამასთან, გვარამიას თქმით, მთავარი არხი კვლევითი ორგანიზაციის წინააღმდეგ საჩვარს შეიტანს.
"მთავარი არხი აცხადებს, რომ კომპანია იფსოსის ამგვარი არაკეთილსინდისიერი და არაპარტნიორული ქმედებები გასაჩივრდება კონტრაქტით დადგენილი საარბიტრაჟო წესით, სადაც ჩვენ არა მხოლოდ გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას მოვითხოვთ, არამედ რეპუტაციული ზიანის ანაზღაურებას და ეგზიტ პოლის გაუქმებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებასაც.
მთავარი არხი ასევე მიმართავს შესაბამისი ქვეყნის საგამოძიებო ორგანოებს, მისი კონკრეტული მოქალაქის ქმედებებში შესაძლო კორუფციული დანაშაულის ნიშნების მოკვლევის დაწყების თაობაზე და ასევე მის ტერიტორიაზე ჩადენილ კორუფციულ გარიგებაში საქართველოს მოქალაქის შესაძლო მონაწილეობის შესახებ", - ნათქვამია გვარამიას განცხადებაში.